ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკაში ჩემი მოსვლისას უდიდესი რისკები არსებობდა, დაცვას ყოველ დილით ახალ-ახალ ინფორმაციას უყრიდნენ „მეგობრები“ - ახლა იმ ხიდს რომ გადაივლით, იქ აგაფეთქებენ

„პოლიტიკაში ჩემი მოსვლისას უდიდესი რისკები არსებობდა, დაცვას ყოველ დილით ახალ-ახალ ინფორმაციას უყრიდნენ „მეგობრები“ - ახლა იმ ხიდს რომ გადაივლით, იქ აგაფეთქებენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში 2011-2012 წლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოსვლით, პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარი სიცოცხლე გადადო.

„რისკები იყო უდიდესი. ჩემს დაცვის უფროსს ვეუბნებოდი, შენ შეგიძლია, ჩახვიდე მანქანიდან, გინდა, ფეხით გადავალ ხიდზე, არ მეშინიამეთქი. გამოუცდელი ახალგაზრდები იყვნენ, ყოველ დილით ახალ-ახალ ინფორმაციას უყრიდნენ „მეგობრები“, რომ, აი, ახლა იმ ხიდს რომ გადაივლით, იქ აგაფეთქებენ. მოვიდოდა დილით და ვეტყოდი, ნუ გეშინიათ, მე გადავალ პირველიმეთქი. თუმცა, დღეს ამბობენ, რომ ეშინია პასუხისმგებლობის და იმიტომ მიდისო. სადაც გაცლაა საჭირო, მე იქ ვეცლები, მაგრამ ჩვენ გმირულად, რაც მთავარია, გონებით და არა ემოციებით, ყველაფერი დავალაგეთ სწორედ, თუმცა ხიფათი მაინც დიდი იყო, ვინც იცის მათი ხელწერა და მაშინდელი მდგომარეობა.

ეს არის მშიშარა ხალხით ჩამოყალიბებული გუნდი. ნახეთ, შიშის ფონზე, რა დღეში ჩააგდეს საზოგადოება. უშიშარი კაცი ასე არ მოექცევა და არ დაჩაგრავს მავანს, არათუ თავის თანამოძმეს. ამიტომ ვამბობ, რომ თუ ქველმოქმედება გამიკეთებია, ყველაზე მეტი აქ გამიკეთებია. ჭარბი, ნაგროვები ფული არ დამიხარჯავს მარტო ჩემი ხალხისთვის (რასაც მე ჭარბ ფულს ვეძახი, ჭარბ ქონებას), არამედ, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი სიცოცხლე გადავდე და, რაც მთავარია, სიცოცხლეც არავის დავაზიანებინე. ამით ვამაყობ სწორედ, რომ ძალიან ღირსეულად ვძლიეთ მოძალადეებს, რომლებიც დღეს საცოდავ დღეში არიან, მაგრამ მაინც ვერ ჩერდებიან, მეტი არაფერი იციან, რეალური ნიღაბი მოიხსნეს მთლიანად“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.