კარა მაკდონალდი: საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს დიდი მეგობარია. კარა მაკდონალდის თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას.

„საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ISFED-სა და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი აქ ყოფნით. იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს დიდი მეგობრები ვართ, ჩვენ ძალიან შეგვტკივა გული, მაგრამ შეუძლებელია, ჩვენ ეს თქვენზე მეტად გვინდოდეს.

ჩვენ გვერდში გიდგავართ და მზად ვართ, მხარი დაგიჭიროთ“, - განაცხადა კარა მაკდონალდმა. 

მისივე თქმით, პუტინმა ორი მცდარი ვარაუდი გააკეთა. ის არ მოელოდა უკრაინელი ხალხის ასეთ სიმამაცეს და ის არ მოელოდა ერთიანობას, არამხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან.

„ზუსტად ეს არის გამარჯვების სტრატეგია: არ დაგავიწყდეთ ხალხის ძალა, რომელიც თავისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის“, - აცხადებს კარა მაკდონალდი.