„ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე საკითხის ხაზგასმა. ერთი საკითხია, საქართველოს ხალხის სოლიდარობა მის ურყევ გეზში ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვემხრობით ამას. ამაში ჩვენ პარტნიორები ვართ და მზად ვართ, ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმა მედიასთან განაცხადა.
„სასიამოვნოა კვლავ თბილისში დაბრუნება. აქ ვესწრები საერთაშორისო კონფერენციას - „დიდება უკრაინას", რათა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ასევე, საქართველოს მიმართ. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სჯერა, რომ ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის არის 21-ე საუკუნის განმსაზღვრელი მოვლენა.
ეს არ არის დიდი სახელმწიფოების დაპირისპირება, ეს ეხება იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ მსოფლიო წესრიგს, რომელიც გაეროს ქარტიის სახით ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ.
ორ კვირაში მსოფლიოს ლიდერები ნიუ-იორკში შეხვდებიან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და ჩვენი, აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გაეროს ქარტიის მხარდაჭერა.
არ არსებობს იმაზე უფრო მკაფიო და უტიფარი მაგალითი ავტორიტარიზმის საფრთხისა, ვიდრე რუსეთის ეს არაპროვოცირებული, არაკეთილსინდისიერი, გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში. ჩვენ გამსჭვალული ვართ მამაცი უკრაინელების მხარდაჭერის სულისკვეთებით.
დღეს შევხვდი უკრაინელ დევნილებს, რომლებმაც ენით აღუწერელი სისასტიკე გამოიარეს რუსეთის ფილტრაციის ბანაკებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე პასუხისგება. ქართველებისთვის ცნობილია ის, რაც გამოარეს უკრაინელებმა, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებულია.
ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე საკითხის ხაზგასმა. ერთი საკითხია, საქართველოს ხალხის სოლიდარობა მის ურყევ გეზში ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვემხრობით ამას. ამაში ჩვენ პარტნიორები ვართ და მზად ვართ, ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა.
ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს, ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება. ასევე მინდა ვახსენო და ნამდვილად შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში.
ამ ერთიანობის მისაღწევად ელჩი დეგნანი და მისი გუნდი შეხვდა საზოგადოების ფართო სპექტრს: სამოქალაქო სექტორს, ბიზნეს ლიდერებს, მთავრობას, პარლამენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს.
ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავეს და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა. მთავრობას ამ ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება.
არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდეგით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის“, - განუცხადა მაკდონალდმა ჟურნალისტებს.