შრომის ინსპექციამ საქართველოში შემოწმებულ ყველა სკოლას სწავლის განახლების ნებართვა მისცა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 2390 სკოლაა შემოწმებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბექა ფერაძემ განუცხადა, 2390-ვე სკოლაში სწავლის განახლების ნებართვაა გაცემული.

„ამ სკოლებიდან 2085 სკოლა საჯაროა, დანარჩენი კი კერძო. ჩვენ ყველა ის სკოლა შევამოწმეთ, ვინც მოგვმართა. ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 10 სკოლაა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ეს სამუშაოებიც უახლოეს პერიოდში დასრულდება,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება, ფოთსა და გორში კი სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდება. სწავლა დისტანციურად გაგრძელდება აჭარის რეგიონში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სკოლებს პანდემიის გამო შემუშავებული სპეციალური პროტოკოლით მოუწევთ მუშაობა.

განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული რეგულაციებით, არაერთი რეკომენდაციის დაცვა მოეთხოვება როგორც სკოლებს და მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებსა და მშობლებს.