საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში ერთმანეთს დაეხმარებიან.
მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი მზადაა, გერმანიას გაზი მიაწოდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გერმანიამ საფრანგეთი ელექტროენერგიით უზრუნველყოს.
„უახლოეს კვირებში დავასრულებთ საჭირო გაზსადენების მიერთების სამუშაოს, რომ გერმანიაში გაზის ექსპორტი შევძლოთ, თუ სოლიდარობა გახდება საჭირო. პირველად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, დღეს უკვე საფრანგეთი გაზის ექსპორტს ახორციელებს ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში.
ამას გავაძლიერებთ და ვიქნებით სოლიდარულები გერმანიის მიმართ იმ შემთხვევაში, თუ ზამთარი რთული იქნება და გერმანიას ეს დასჭირდება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.