რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია“ დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის გარეთ ჰუმანიტარული პოლიტიკას არეგულირებს. „ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია“, რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან, მოლდოვასთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან და ესტონეთთან ურთიერთობისას ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა იქნება გათვალისწინებული.
„პრიორიტეტულ საკითხად რჩება ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება კულტურის, მეცნიერების, განათლების, ახალგაზრდული საკითხების, სპორტის, ტურიზმის სფეროებში სახელმწიფოებთან პოსტსაბჭოთა სივრცეში: დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთის რესპუბლიკასთან, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან.
ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების გაღრმავების შემთხვევაში, ასევე მოლდოვასა და საქართველოში საჭიროა იმ საკითხების გათვალისწინებაც, რომელიც ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას ეხება,“- ნათქვამია კონცეფციაში.
„რუსეთის ფედერაცია მხარს უჭერს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს საკუთარი უფლებების გამოყენებაში, ინტერესების დაცვასა და სრულიად რუსული კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში". - აღნიშნულია დოკუმენტში.