საერთაშორისო კონფერენციის - „დიდება უკრაინას“ მეორე დღის პანელურ დისკუსიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი შეუერთდა. დისკუსიას უძღვებოდა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე და მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ეველინ ფარკასი. კითვა-პასუხის რეჟიმის დროს, ელჩს შეკითხვა დაუსვეს საქართველოს გამოყენებით სანქციების შესაძლო გვერდის ავლის საკითხზე. ელჩმა საპასუხოდ განმარტა, რომ აშშ ყველა ქვეყანას მოუწოდებს იმისკენ, რომ მათ ყველაფერი გააკეთონ სანქციებისგან თავის დასაღწევი საშუალებების დასახურად.
„ჩვენ ვთხოვთ ქვეყნებს – იქნება ეს ამ რეგიონში თუ სხვაგან, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა ქსელი დაიხუროს, იმიტომ, რომ ეს არის გზა, რითაც სანქციები ყველაზე ეფექტიანად მუშაობს. სწორედ ეს მესიჯი გადავეცით საქართველოს მთავრობასაც. საქართველოს მთავრობა მაშინვე დაემორჩილა ფინანსურ სანქციებს, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ამ ქსელის დახურვა და ის კვლავ სიფხიზლეს ინარჩუნებს ფინანსური სანქციების მიმართ. ჩვენ ძალიან მჭირდოდ ვმუშაობთ საბაჟოსთან და სასაზღვრო პოლიციასთან, რათა როგორც შეგვიძლია, ვცადოთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებების დახურვა პორტებსა და საზღვრებზე.
ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის, რომ წავახალისოთ საქართველო გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია. არ შემიძლია, გიპასუხოთ, რომ 100 %-ით არ ხდება, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვნახეთ თანამშრომლობა ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით და იმ უწყებებთან, რომლებთანაც ჩვენ აქ ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება საუკეთესოდ შევაჩეროთ ეს ნაკადი“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.
თავის მხრივ, ეველინ ფარკასმა დაამატა, რომ „BMW-ებზე გაცილებით უფრო მეტად შემაშფოთებელი იქნებოდა მნიშვნელოვანი კომპიუტერული მიკროჩიპები და ტექნოლოგია, რომელიც რუსებს თავიანთი სამხედრო მანქანისთვის სჭირდებათ“.
მანამდე, კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ ელჩს მიმართა, რომ რუსებისთვის სრულიად კანონიერია, ჩამოვიდნენ აქ და მიიღონ ნაწილები თავიანთი BMW-სთვის და წაიღონ მოსკოვში, რადგან საქართველოს მთავრობა არ მონაწილეობს სანქციებში. ის დაინტერესდა, რას აკეთებს აშშ ამ მიმართულებით.