ათვალწუნებული ვართ მხოლოდ იმის გამო, რომ ვინარჩუნებთ სტაბილურობას, ვიბრძვით დეოკუპაციისა და თავისუფლებისთვის შეძლებისდაგვარად გაწონასწორებულად, – ამის შესახებ საქართველოს კულურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ერთ-ერთ უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებულ სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რას ვიზამთ, ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ქვეყნის ხელისუფლებაში ზოგიერთ წარმომადგენელს იდეების ნაკლებობა არ აწუხებს და როგორც ჩანს, ეს არის მათი მხრიდან მორიგი „კრეატიული იდეა“. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელი ხალხი, ბავშვები გასაჭირში არიან, რომ მათ ყოველდღიური არსებობის საფრთხის წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა. ამიტომ სწორედ მათ გამო და არა მათი ხელისუფლების გამო, თავს შევიკავებდი უფრო მწვავე შეფასებისგან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობითვის, უკრაინულ ვებგვერდზე – sanctions.nazk.gov.ua, რომელიც ქვეყნის საგარეო უწყების მხარდაჭერითაა შექმნილი, გამოქვეყნებულია ფიზიკური პირების მონაცემები, რომელებსაც სანქციები ჯერ არ შეხებიათ.
სიაში იძებნებიან: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, სულხან პაპაშვილი, ლევან ვასაძე, ოთარ ფარცხალაძე, დავით ხიდაშელი, ტატე მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილი, გიორგი კაპანაძე, ირაკლი რუხაძე, ქეთევან ხარაიძე.