მაიკ პენსი დონალდ ტრამპის ვადაზე ადრე გადაყენებას არ დათანხმდა

ამერიკის ვიცეპრეზიდენტი მოქმედი პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადაყენებას არ დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერისთვის ნენსი პელოსისთვის გაგზავნილ წერილში მაიკ პენსი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენება მისთვის მიუღებელია.

„როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე 8 დღეა დარჩენილი, დემოკრატთა ფრაქცია მოითხოვს მთავრობისგან 25-ე შესწორების ამოქმედებას, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ხელს უწყობს მოსახლეობის გახლეჩასა და კონფრონტაციის გაზრდას,“- ნათქვამია წერილში.

იმ შემთხვევაში, თუ ვიცეპრეზიდენტი 25-ე შესწორებას დაუჭერდა მხარს, დემოკრატები ტრამპის გადაყენებას იმპიჩმენტის პროცედურის გარეშე შეძლებდნენ.