ჩინური კომპანია Sinovac-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ბრაზილიაში ჩატარებულ კლინიკურ ცდებში 50.4%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გასულ კვირას „ბუტანტანის ინსტიტუტის“ მეცნიერებმა, განაცხადეს, რომ ჩინურმა ვაქცინამ ინფიცირების „მსუბუქიდან მწვავე“ შემთხვევების პრევენციაში 78%-იანი ეფექტურობა აჩვენა, თუმცა ახლა ისინი აცხადებენ, რომ ინფიცირების ძალიან მსუბუქი ფორმების შესახებ მონაცემების ჩათვლის შემდეგ ვაქცინა 50.4%-ით ეფექტური აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ Sinovac-ის ვაქცინაზე სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა სხვადასხვა შედეგი აჩვენა. თურქი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ვაქცინა 91.25%-ით ეფექტურია, ინდონეზიაში კი, სადაც მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, აცხადებენ, რომ ვაქცინის ეფექტურობა 65.3%-ია.