საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5866-ს შეადგენს.
stopcov.ge-ის ინფორმაციით, გარდაცვლილია კიდევ ერთი ადამიანი და საერთო რაოდენობა უკვე 33-ა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან, 225 აჭარაში დადასტურდა.
მისივე თქმით, ქვეყანაში 25 კრიტიკულად მძიმე პაციენტია აქედან 22 მართვით სუნთქვაზეა.
„დაგვემატა 314 ახალი პაციენტი, გახდა 5866. გამოჯანმრელებულების რაოდენობა 270-ით გაიზარდა. მკურნალობას გადის 3542 კორონავირუსით ინფიცირებული. 25 კრიტიკულია, აქედან 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 7 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. კვლავ აჭარა ლიდერობს და იქ 225 ინფიცირებულია, თბილისში - 35, იმერეთი-22, სამეგრელო ზემო-სვანეთი- 18, შიდა ქართლი- 9, სამცხე-ჯავახეთი- 3, გურია და ქვემო ქართლში თითო-თითო პაციენტი“, - განაცხადა ენდელაძემ.
რაც შეეხება გარდაცვლილს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი, 55 წლის ქალია.
„პაციენტი რამდენიმე დღის წინ ჰოსპიტალიზებული იყო რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. კლინიკაში შეყვანისთანავე მისი მდგომარეობა რთულად შეფასდა, რადგან სერიოზული თანხმლები დაავადებები ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ყველა ღონისძიება გატარდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ნონა ეფაძემ.
მისივე ინფორმაციით, აჭარის კლინიკებში დღეს 463 პაციენტი მკურნალობს, აქედან 32 არის ბავშვი და 10 -ორსული. ამასთან, კოვიდკარანტინებში არის 900-ზე მეტი ინფიცირებული, აქედან 60-მდე ბავშვია. ბინაზე კი მკურნალობს 600-ზე მეტი პაციენტი.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 270 ადამიანი. მთლიანობაში - 2324.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.