მევლუთ ჩავუშოღლუმ და ილია დარჩიაშვილმა საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და მისმა ქართველმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილმა საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართული მატჩი განიხილეს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ცნობით, ჩავუშოღლუ და დარჩიაშვილი სატელეფონო საუბრისას თურქეთი-საქართველოს მატჩის შემდგომ მოვლენებსაც შეეხნენ.

ორი ოფიციალური პირის სატელეფონო საუბრის შესახებ, დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.

თურქეთის კალათბურთის ნაკრები აცხადებს, რომ მათ მოთამაშეს ფურკან კორკმაზს 4 სექტემბერს ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტის ფარგლებში გამართული თამაშის შემდეგ სპორტის სასახლის გასახდელთან თავს დაესხნენ. თბილისში სპორტსმენებზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა ასევე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომერ ონანმა.

4 სექტემბერს ევრობასკეტის მესამე დღეს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთი ანგარიშით 88:83 დაამარცხა. 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის თამაშები წელს საქართველოში ტარდება.

საქართველოსა და თურქეთს შორის გამართულ ევრობასკეტის მატჩის შედეგზე თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ ფიბა-ევროპაში ოფიციალური პროტესტი დააფიქსირა.

თურქეთის მხარე მიანიშნებდა იმ გაპარულ 22 წამზე, რომელსაც ადგილი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:48 წუთით ადრე ჰქონდა.

ამ დროს მოედანზე ვითარება დაიძაბა, რადგან დუდა სანაძესა და ფურკან ქორქმაზს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტის დაწყებიდან მალევე დროის ათვლა გაგრძელდა და 22 წამში წამმზომი შეჩერდა. თამაში რომ განახლდა, ტაბლოზე 4:48 წუთის ნაცვლად 4:26 ეწერა. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ 14:26 წუთი ითამაშეს და საბოლოოდ საქართველომ 88:83 დაამარცხა მეტოქე.

სწორედ ამ შედეგის გაუქმებას და მატჩის სრულად ან დარჩენილი 4:48 წუთის გადათამაშებას ითხოვდნენ თურქები, თუმცა მათი პროტესტი ფიბა-ევროპამ არ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც გასახლდელში მიმავალ დერეფანში მოხდა, ამაზე ფიბას ოფიციალურ განცხადებაში წერია: „გამოძიება, რომელიც დაიწყო იმ მოქმედებების გამო, რომელიც მოხდა გუნდების ზონაში და რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და დელეგაციის წევრები იყვნენ ჩართულნი, მიმდინარეობს. როგორც კი გამოძიება დასკვნას გამოიტანს, ფიბა-ს შესაბამისი ორგანოები განსაზღვრავენ დისციპლინარული სასჯელის ზომას“.