რუსი დამპყრობლების მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლების მასობრივი დეპორტაცია შესაძლო,ა მიუთითებდეს მოსკოვის განზრახვაზე, შეცვალოს ამ რეგიონების დემოგრაფიული მდგომარეობა. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა.
ვუდვორდმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფილტრაციის ბანაკის შექმნა.
„შეშფოთებულნი ვართ, რომ რუსეთი რეალურად იყენებს იძულებით დეპორტაციას და გადაადგილებას უკრაინის ნაწილის დემოგრაფიული მდგომარეობის შესაცვლელად“, - აღნიშნავს ბრიტანელი დიპლომატი.
მან რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, დაუშვას გაეროს და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა ფილტრაციის ბანაკებსა და დაკავების ცენტრებში მყოფ პირებთან.
გაეროს უშიშროების საბჭო ოთხშაბათს შეიკრიბა შეერთებული შტატებისა და ალბანეთის მოთხოვნით, რათა რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეების იძულებითი დეპორტაცია განეხილათ.