საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ესწრება.
გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე მიმდინარე შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობენ.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები, ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
- ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც ქართული მხარე უკვე მეორედ ესწრება, წარმოდგენილი იქნება უკრაინაში არსებული სიტუაცია და განვითარებული მოვლენები. NATO-ს წევრი და არაწევრი ქვეყნები გამოხატავენ იმ მხარდაჭერას, რაც შეიძლება აღმოუჩინონ უკრაინას.
„რაც დრო გადის, უფრო მეტი ქვეყანა უერთდება ამ ჯგუფს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის საკითხზე მიმდინარე შეხვედრასთან დაკავშირებით.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიწვევის საფუძველზე ესწრება. რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში 50-მდე თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობენ