რატომ სახალხო დამცველის შვიდი კანდიდატი? ომბუდსმენი თანაბრად მისაღები უნდა იყოს ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის არჩევის წესის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„რატომ 7 კანდიდატი? - ეს მგონია, რომ ცხადი საკითხია. ვთქვით თავიდანვე, რომ ომბუდსმენის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ კანდიდატი და საბოლოო ჯამში ომბუდსმენი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის. დიახაც, ოპოზიცია ერთ კანდიდატზე უნდა შეთანხმდეს და მერე მხარი იმას დავუჭიროთ. დიახაც, ამას ვზღუდავთ! ეს არ უნდა იყოს რომ, უმრავლესობა მოაქციოთ გვირაბში და შემდეგ თუ იმ კანდიდატურას არ დაეთანხმება, თქვათ, რომ უმრავლესობა არ ეთანხმება. არ არის ეს ასე. ჩემი ნეგატიური პოზიცია არაერთხელ მითქვამს კვალიფიციურ უმრავლესობასთან დაკავშირებით, რეალობაში ეს კვალიფიციური უმრავლესობა არის არა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად მისაღები კანდიდატები იქნეს შერჩეული, არამედ, პრაქტიკაში ამას მივყავართ იქამდე, რომ უმრავლესობა იძულებული გახადოს დაეთანხმოს უმცირესობის კანდიდატს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის პოზიციაზე ვადა ნინო ლომჯარიას დეკემბერში ეწურება.