უკრაინაში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დაფინანსების შესახებ გამოაცხადებს უკრაინისა და 18 სხვა სახელმწიფოსთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ არიან.
Reuters-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინას დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოეყოფა. დანარჩენი ფინანსური რესურსი მოხმარდება ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ბულგარეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, ესტონეთს, საქართველოს, საბერძნეთს, კოსოვოს, ლატვიას, ლიეტუვას, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას.
„ფინანსური რესურსი გამიზნულია სუვერენიტეტის დასაცავად, უსაფრთხოების ძალების მოდერნიზებისთვის, ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანს NATO-სთან პარტნიორობის გასაძლიერებლად და რუსულ გავლენასთან და აგრესიასთან გამკლავების მიზნით შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
ბლინკენის ვიზიტს წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ-მ უკრაინისთვის $675 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა.
ვაშინგტონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, 24 თებერვალს რუსული ჯარების შეჭრის შემდეგ, 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოუყო.