აშშ: უკრაინამ HIMARS-ებით, რუსეთის ჯარის 400-მდე სამიზნე გაანადგურა

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა მარკ მილიმ, გერმანიაში, რამშტეინის შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი დისტანციის სარაკეტო HIMARS-ის საარტილერიო სისტემებით, 400-ზე მეტი რუსული სამიზნე გაანადგურეს. 

„ამ სისტემების გამოყენების წყალობით, ჩვენ უკრაინაში ვხედავთ რეალურ, გაზომვად შედეგებს. მაგალითად, უკრაინელებმა HIMARS-ით გაანადგურეს 400-მდე სამიზნე და მათ უზარმაზარი დესტრუქციული ეფექტი ჰქონდათ", - განაცხადა მარკ მილიმ. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები "სტაბილურად წინ მიიწევენ".

მანამდე უკრაინის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 20 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს და თავდაცვა 50 კილომეტრზე გაარღვიეს. 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ამერიკული HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო დანადგარები („ჰაიმარსი“) ივნისში მიიღეს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარება უკრაინას ტერიტორიების დაბრუნების საკითხში მნიშვნელოვანია.