რეზნიკოვი: HIMARS-ი უკრაინაშია, მადლობა ლოიდ ოსტინს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით,  უკრაინამ ამერიკული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS) მიიღო.

"HIMARS-ი უკრაინაში ჩამოვიდა. მადლობა ჩემს ამერიკელ კოლეგასა და მეგობარს, უსაფრთხოების მდივანს, ლოიდ ოსტინს ამ ძლიერი დანადგარებისთვის! ზაფხული რუსი ოკუპანტებისთვის ცხელი იქნება, ზოგიერთებისთვის კი უკანასკნელი". – წერს რეზნიკოვი Twitter-ზე

მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში დაწერა, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.