უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას ისაუბრა სახელმწიფო მდივანთან გამართულ შეხვედრასა და იმ თემებზე, რომლებიც მოლაპარაკებისას განიხილეს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას უსეთის ოფიციალურად ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების საკითხი წამოჭრა.
„როგორც ყოველთვის, ბატონ სახელმწიფო მდივანთან თემების ფართო სპექტრი განვიხილეთ - პოლიტიკური თანამშრომლობა, ჩვენი ურთიერთქმედება ფინანსურ სფეროში - მაკროეკონომიკური მხარდაჭერა ახლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იარაღისა და საბრძოლო მასალით დახმარება. რა თქმა უნდა, ყურადღება დაეთმო სწრაფი აღდგენის გეგმას და ზოგადად, რუსეთის დარტყმების შემდეგ უკრაინის აღდგენას.
მე დავაყენე საკითხი რუსეთის ოფიციალურად ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ. ფაქტია, რომ რუსეთი გახდა ტერორიზმის ყველაზე დიდი წყარო მსოფლიოში. მსოფლიომ უნდა მიიღოს ცალსახა სიგნალი, რომ რუსული ტერორი არ იქნება დავიწყებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ბლინკენი კიევში 8 სექტემბერს ჩავიდა. დღეს ის ბრიუსელს ეწვევა.