საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოყვანილ იქნა მსუბუქი ავტომანქანები, საიდანაც შემდგომში, 46 ერთეული ავტომანქანა თითქოსდა რეექსპორტის მიზნით, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გადაფორმდა. ნაცვლად ავტომობილების ქვეყნიდან გაყვანისა, ბრალდებულების მიერ, სატრანსპორტო საშუალებები განბაჟების გარეშე დაშლილი და რეალიზებული იქნა ნაწილებად.
"დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებული სამეწარმეო საქმიანობას შესაბამისი სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა, ხოლო მეორე ბრალდებული გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების მიზნით, მიღებული შემოსავლების სრულ დეკლარირებას არ ახდენდა.
დადგენილია, რომ ბრალდებულების უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს ჯამში მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზიანი მიადგა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2, 185-ე მუხლის მე-3, 192-ე მუხლის პირველი და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად აგრძელებენ ღონისძიებებს ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.