მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა.
უწყების ცნობით, სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსთვის საერთაშორისო სწავლებებისა და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე სამხედროებს სწავლების წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვა საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. სპეციალურად ამ დღეზე დასასწრებად საქართველოში უცხოელი გენერლები ჩამოვიდნენ აშშ-დან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან და პოლონეთიდან. ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსი, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და ევროკავშირის მონტიროინგის მისიის წარმომადგენლები.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები იყვნენ: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო ცენტრი (SWEDINT).
როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, „ღირსეული პარტნიორი 2022“ აშშ-ის ერთგულების სიმბოლოა.
„სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ჩვენი ერთგულების სიმბოლოა, გავაძლიეროთ პარტნიორის შესაძლებლობები და განვავითაროთ ნდობა. ეს სწავლება ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისას ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანობას გვიჩვენებს. მკაფიოდ რომ ვთქვა: ეს არის ძლიერი ურთიერთობა, რომელიც აფერხებს პოტენციურ მოწინააღმდეგეს.
„ღირსეული პარტნიორი“ შესაძლებლობას იძლევა, გავაუმჯობესოთ ჩვენი ერთობლივი და მრავალეროვნული მზადყოფნა და გავაძლიეროთ სანდო ძალები ევროპის მასშტაბით. მსგავსი სახის სწავლებებით საქართველო მომზადებას გადის და ამავე დროს ხელს უწყობს აშშ-ის, NATO-სა და პარტნიორი სამხედროების მზადყოფნასა და ურთიერთთავსებადობას, რათა უკეთესად მომზადებული შეხვდნენ დღევანდელ რთულ გამოწვევებს.
საქართველოს მზადყოფნა და ვალდებულება, უმასპინძლოს მრავალეროვნულ წვრთნებს, ნათლად გვიჩვენებს საქართველოს, როგორც აშშ-სა და NATO-ს სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებულ შტატებს ასევე, სურს, აღიაროს და მადლობა გადაუხადოს ყველა იმ ქვეყანას, ვინც მონაწილეობდა „ღირსეულ პარტნიორში“. შეერთებული შტატები განაგრძობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სამხედრო წვრთნებში ინვესტიციებს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და ნდობის ჩამოყალიბებას.
„ღირსეული პარტნიორი“ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს, ისევე როგორც ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, ერთმანეთის მხარდამხარ გაიარონ წვრთნები და შექმნან უფრო ძლიერი, უფრო თავსებადი ძალა, რაც აუცილებელია გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
გენერალ-მაიორ ჯეფრი ბროუდვოთერის განცხადებით, სწავლება, რომელიც კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ორიათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შორის თანამშრომლობის ნათელი მაგალითია
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით „ღირსეული პარტნიორის“ დახურვის ცერემონიალზე, რომელიც მეექვსედ ჩატარდა. სწავლება, რომელიც კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ორიათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შორის თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. აშშ-ის ევროპის სარდლობის, ჯორჯიის შტატისა და დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა ქართულ მექანიზებულ და სპეციალური ოპერაციების ძალებთან ერთად, ასევე 19 ქვეყნის სამხედროებთან ერთად კომბინირებული ოპერაციები განახორციელეს.
ამით მათ ხელი შეუწყვეს მრავალეროვნული და რეგიონული დონის ურთიერთთავსებადობას. მათ გააძლიერეს მზადყოფნა მრავალეროვნული სამეთაურო და კონტროლის შესაძლებლობების მეშვეობით. მჯერა, სწავლების მეშვეობით თოთოეულმა მონაწილე ქვეყანამ განავითარა ნდობა და გააძლიერა პარტნიორობა“, – განაცხადა ჯეფრი ბროუდვოთერმა.
საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მონაწილეობდნენ.
წელს პირველად სწავლების ისტორიაში, წვრთნებში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ.