მამაჩემს გაცნობიერებული აქვს, რომ აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, ეს მისგან არაერთხელ გამიგია. მგონი ამას მიხვდა, ფიქრობს, რომ არც უნდა ჩამოსულიყო. დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა ,,ვივამედის” კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.
ედუარდ სააკაშვილის თქმით, რთული წარმოსადგენია, რომ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე პოლიტიკური გეგმების რეჟიმში”.
„დღეს მამაჩემისთვის ნამდვილად პრიორიტეტია მისი ჯანმრთელობა, ჩემთვის რთული წარმოსადგენია ამ მდგომარეობაში ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინაში იქნება თუ სად იქნება, არ ვიცით. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და თავადაც დიდად არ დარდობს, მისი სხეული უფრო გადარჩენის რეჟიმშია, ვიდრე პოლიტიკური გეგმების რეჟიმში.
მას გაცნობიერებული აქვს, რომ მისი აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, ეს მისგან არაერთხელ გამიგია. მგონი ამას მიხვდა, ფიქრობს რომ არც უნდა ჩამოსულიყო და დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა”, - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მამამისს იმედი აქვს, რომ მისი საქმე წინ წავა და ექსპერტების ჩამოყვანა შედეგს გამოიღებს.
,,დაახლოებით იგივე მდგომარეობა ჰქონდა რაც წინაზე, ბოლოს მამაჩემი ვნახე ივლისში. რაღაცები გაუარესებულად ჩავთვალე - ძალიან ცოტა ენერგია აქვს და რაღაცები ავიწყდება, ტოვებს ავადმყოფი ადამიანის შთაბეჭდილებას. მას აუცილებლად სჭირდება ღირსეული, ღრმა მკურნალობის კურსი. წონაში უფრო დაიკლო და ენერგიის მხრივ წინასთან შედარებით ნაკლები იყო, წინ წასული არ არის არაფერი. მას აქვს მოლოდინი, რომ საქმე წინ წავა და ექსპერტების ჩამოყვანა შედეგს გამოიღებს, ოჯახისაც და მისი მიზანია, რომ მიიღოს შესაბამისი მკურნალობა, იქნებ ეს იყოს ერთი გზა, რომ ამას მივაღწიოთ”, - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.