არავითარი სანქციის შიშით ქვეყანას ომში არ ჩავრთავთ, ეს არის ჩვენი მკაფიო დაპირება საზოგადოების მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, საქართველო ომში არ ჩაერთვება. ეს პრაქტიკულად თქვა თავისი წერილით ბიძინა ივანიშვილმა. მით უმეტეს ამ კაცს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, საუბარია, თუ არ ვცდები, მილიარდზე მეტი დოლარის გაჩერებაზე.
საზოგადოება აფასებს ყველაფერს. საზოგადოებას ის კი არ აინტერესებს, ვიღაცა რა ფულს დაწერს თუნდაც ძალიან პრესტიჟულ მედიასაშუალებაში, საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე და აინტერესებს ფაქტები. საზოგადოებამ იცის ფაქტები და ფაქტი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ნული კავშირი აქვს რუსეთთან. ნებისმიერ პირს, რომელიც არის ხელისუფლებასთან უშუალოდ დაკავშირებული, აქვთ ნულოვანი კავშირი რუსეთთან. ეს არის ფაქტები და საზოგადოება ზუსტად ამიტომ უჭერს დღეს მხარს ხელისუფლებას. დანარჩენი არის ტყუილი და ეს ტყუილი რა დონეზე იქნება გაჟღერებული, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.