ილია მეორე: თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს

თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა გაერთიანებულ სამეფოს და თავისი ხალხისადმი თავდადებული მსახურებით არა მარტო მათი, არამედ საყოველთაო  პატივისცემა დაიმსახურა, - ნათქვამია ილია მორის სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა. 

„მე მქონდა ბედნიერება მასთან ბუკინგემის სასახლეში პირადი შეხვედრისა, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს და მის ოჯახს, ვუსამძიმრებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფალთ და ბრიტანელ ხალხს, საერთოდ ყველას, ვისთვისაც მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედის, ხსოვნა ძვირფასია. პატივისცემით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის  მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“, - ნათქვამია სამძომრის წერილში. 

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.