ენტონი ბლინკენი: ეს თამაში უკვე დასრულდა, პუტინმა აქ წააგო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინაზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება მისი ომი რუსეთთან. ბლინკენმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები „უკრაინას უნდა დაუბრუნდეს“.

„ამას გადაწყვეტს პრეზიდენტი ზელენსკი, უკრაინის დემოკრატიულად არჩეული ლიდერი“, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ვიზიტისას. 

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად თქვა, რომ ომი აუცილებლად დიპლომატიით დასრულდება, მაგრამ სერიოზულ დიპლომატიას ორი მხარე სჭირდება. ამ ორიდან ერთი დაკარგულია და არანაირი ნიშნები არ არის, რომ გამოჩნდება. საუბარია რუსეთზე“, - აღნიშნა ბლინკენმა. 

მისი თქმით, ვიდრე რუსეთი არ აჩვენებს დიპლომატიური ზრახვების სერიოზულობას, ამ შემთხვევაში „სამწუხაროდ, ცოტა რამის გაკეთება შეიძლება".

„რუსეთმა წაართვა ტერიტორიები უკრაინას სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ეს არის უკრაინის ტერიტორია, ეს არ არის რუსეთი“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. 

მისი თქმით, ბოლოს ეს ტერიტორიები უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. „უნდა დადასტურდეს უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ამაში ეჭვი არ მეპარება“.

ბლინკენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს „თავისი რწმენის რეალიზებას, რომ უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის და რუსეთის საკუთრებაა“.

„ეს თამაში უკვე დასრულდა. პუტინმა აქ წააგო“, - განაცხადა ბლინკენმა.