საქართველოს მთავრობის ცნობით, COVAX პლატფორმის მზაობის დადასტურების პარალელურად, Covid ვაქცინის მისაღებად, მოლაპარაკებები ერთდროულად რამდენიმე მწარმოებელთან ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
აღნიშნული განცხადება, მთავრობამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც 12 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ მინისტრმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის უპირველესი წინაპირობა მისი საერთაშორისო აღიარებაა - ვაქცინა უნდა იყოს პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება. კოვიდვაქცინაციის თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისია ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, როგორც ვაქცინის დროული მიღების, ისე ქვეყანაში შესაბამისი გამართული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კუთხით”, - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეპიდემიოლოგების განმარტებით „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად და აცრების დასაწყებად -80 გრადუსზე შესანახი პირობების მქონე მაცივრებია საჭირო.