ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული არმია ამ დღეებში საუკეთესოს ავლენს, ზურგს გვიჩვენებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ოკუპანტებისგან ქვეყნის 2 ათას კილომეტრამდე ტერიტორია გაათავისუფლეს. 

მისი თქმით, „რუსული არმია ამ დღეებში ავლენს საუკეთესოს რაც შეუძლია, უკრაინის ჯარს ზურგს უჩვენებს“. 

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ჯარი ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით წინსვლას განაგრძობს. „ამ დროისთვის, აქტიური საომარი მოქმედებების შედეგად, გათავისუფლებულია უკრაინის ტერიტორიის 2 ათასი კილომეტრი. რუსული არმია ამ დღეებში ავლენს საუკეთესოს რაც შეუძლია, უკრაინის ჯარს ზურგს უჩვენებს. ბოლოს და ბოლოს, მათი არჩევანი ცუდი არ არის - ისინი გარბიან. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არც იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.