ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულ ოთხ დეპუტატს სპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებია.
„ოთხივე მათგანს პატივს ვცემ და იმ ადამიანებსაც, ვინც „ხალხის ძალის“ გუნდს შეუერთდნენ რეგიონებიდან. ჩვენი მეგობრები არიან, ჩვენი თანაგუნდელები არიან, უმრავლესობის წევრები არიან. გასაგებია, რომ ფრაქცია და პარტია დატოვეს, გასაგებია. არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც ვერ შევთანხმდებით. დანარჩენთან დაკავშირებით, ეს ასე იყო თუ არ იყო, დეტალურ კომენტარს აღარ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ამაზე საუბარი რომ გვდომოდა, ჩვენ ვილაპარაკებდით ამაზე, თუმცა, იმათ ვერ დავაბრალებ, რომ რამე არასწორ ინფორმაციას ახმოვანებენ“, — განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები კაჭრეთში, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის გასვლითი სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ.
2022 წლის ივნისში, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვეს. აგვისტოში, მათ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს.