113-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებმა, ხარკოვის ოლქში ვასილენკოვე და არტემივკა გაათავისუფლეს. ამისშესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე დაწერა.
„ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენი მებრძოლები უკრაინის მიწის დეოკუპაციას ახდენენ. 113-ე ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს ვასილენკოვო და არტემივკა ხარკოვის რეგიონში. უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება ადვილი არ მოდის. უკრაინელი დამცველები თითოეული ჩვენგანისთვის საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის. უსაზღვრო მადლიერება ყველა ჩვენს ჯარისკაცს! ჩვენ ვამაყობთ თითოეული მათგანით!“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ხერსონისა და ხარკოვის ოლქების მიმართულებით, რაც უკვე თითქმის ორი კვირაა გრძელდება.
დღეს, 10 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის გათავისუფლებისა და იზიუმში რუსული შენაერთების დატყვევების შესახებ.