უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო იალტის ევროპის სტრატეგიის (YES) მე-17 ყოველწლიურ კონფერენციაში, სადაც ისაუბრა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რუსეთის მიერ ორკესტრირებულ ენერგეტიკულ კრიზისსა და იმაზე, თუ რა სჭირდება უკრაინას ომის მოსაგებად.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს სამი ფუნდამენტური პირობა მშვიდობის მისაღწევად - იარაღი, საბრძოლო მასალა და ფინანსები. ამ კონტექსტში ზელენსკიმ დაამატა, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს.
„რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გატეხოს უკრაინის, ევროპისა და მსოფლიოს წინააღმდეგობა ამ (მოახლოებული) ზამთრის მომდევნო 90 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„მომავალი 90 დღე უფრო გადამწყვეტი იქნება, ვიდრე უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წელი. ეს 90 დღე უფრო გადამწყვეტი იქნება, ვიდრე ევროკავშირის არსებობის ყველა წლები. ზამთარი განსაზღვრავს ჩვენს მომავალს და რისკებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არ აქვს განზრახვა, მიაწოდოს ევროპას გაზი და იყენებს ენერგიას, როგორც ბოლო ვაჭრობის საშუალებას, რათა შეამციროს ევროპული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
„დარწმუნებული იყავით, რომ რუსეთი გაზის ნულოვან მიწოდებას უზრუნველყოფს და ჩვენი ენერგეტიკული სისტემები ამისთვის მომზადებული უნდა იყოს”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თუმცა, ზელენსკის თქმით, ევროპას შეუძლია არსებული სირთულეების გადალახვა.
„ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. გავუძლოთ ზამთარს. დაეხმარეთ მათ, ვინც უფრო სუსტია. დაიცავით ისინი, ვისაც დაცვა სჭირდება“.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება.
„ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცების გარდა, უკრაინას სხვა გზა არ აქვს, ყველა ჩვენგანს გვჯერა გამარჯვების და ეს არის მთავარი. ჩვენი მთავარი იარაღია, გვჯეროდეს და ვგრძნობდეთ გამარჯვებას", - აღნიშნა ზელენსკიმ.