ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს ეროვნულ გვარდიას იარაღს დაურიგებენ. ამის შესახებ ინფორმაციას NewYorkTimes-ი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის სახმელეთო შეიარაღებული ძალების მდივანმა რაიან მაკკარტიმ 6 იანვარს კაპიტოლიუმთან განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიღო. მაკარტის განკარგლებით, შეიარაღებული გვარდიელები ინაუგურაციის დღეს კონგრესის შენობასთან დაიცავენ უსაფრთხოებას.
გავრცელებული ინფორმაციით, გვარდიის შეიარაღება მაკკარტიმ წარმომადგენლთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსისთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, რომელზეც დემოკრატების ლიდერმა პენტაგონისგან ძალის დემონსტრირება მოითხოვა. მანამდე მაკკარტიმ განაცხადა, რომ გვარდიელებს „ემ-4“- ტიპის კარაბინებს და „ბერეტას“ პისტოლეტებს დაურიგებენ.
როგროც ცნობილია, ინაუგურაციის გამო, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განთავსდება. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს ხელმძღვანელმა, გენერალმა დენიელ ჰოკანსონმა განაცხადა.
დენიელ ჰოკანსონმა აღნიშნა, რომ ამჟამად, აშშ-ის დედაქალაქში ეროვნული გვარდიის დაახლოებით 6 ათასი სამხედრო მოსამსახურეა განთავსებული, რომელთა რიცხვიც კვირის ბოლოსთვის 10 ათასამდე გაიზრდება.
პენტაგონში აცხადებენ, რომ 20 იანვარს ვაშინგტონში დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო შეშფოთებულები არიან. მათივე ცნობით, ინაუგურაციის დღეს აქციის ჩატარებას სულ მცირე 16 ჯგუფი გეგმავს, რომელთა ნაწილიც აცხადებს, რომ დემონსტრანტები შეიარაღებულები იქნებიან.
თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ინაუგურაციის დღეს მოვლნების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარებისთვის ემზადებიან. მათ შორის არის სცენარი, როდესაც მომიტინგეები მაღალჩინოსნებს დაესხმებიან თავს, ან შეზღუდულ საჰაერო სივრცეში „კამიკაძე“ თვითმფრინავები შეიჭრებიან და ასევე განიხილება ის ვარიანტი, როდესაც დემონსტრანტების წინააღმდეგ დრონებს გამოიყენებენ.