11 სექტემბერს რუსულმა ჯარებმა კვლავ გაუხსნეს ცეცხლი მიკოლაივის ოლქის ქალაქ ვოზნესენსკს, რომელსაც ატომურ ელექტროსადგურთან 30 კილომეტრი აშორებს.
შესაბამისი განცხადება უკრაინის ეროვნულმა კომპანია Energoatom-მა გააკეთა.
„არ გამოვრიცხავთ, რომ რაშისტების მიერ გასროლილი რაკეტები ატომური ელექტროსადგურისკენ იყო მიმართული, რომლის ხელში ჩაგდებაც რუსმა სამხედროებმა მარტის დასაწყისში სცადეს“, - აღიშნულია განცხადებაში.
უკრაინის სახელმწიფო ოპერატორის განცხადებით, ზაპოროჟიეში, ქარხნის მეექვსე და ბოლო მოქმედი რეაქტორი ქსელიდან გამთენიისას გაითიშა.
მისივე განმარტებით, „უსაფრთხოების ღონისძიების“ ფარგლებში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მთლიანად დაიხურა.
„მიმდინარეობს მზადება მისი გაგრილებისა და ცივ მდგომარეობაში გადასაყვანად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ზაპოროჟიეს ელექტროსადგური რუსული ძალების კონტროლქვეშ მარტიდან იმყოფება, ოპერირებას უკრაინული პერსონალი უზრუნველყოფს.
6 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) განაცხადა, რომ მათმა ინსპექტორებმა, რომლებიც უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში იმყოფებოდნენ, ობიექტზე რუსეთის ბირთვული სააგენტოს „როსენერგოატომის“ ექსპერტთა ჯგუფის წევრები დააფიქსირეს.
IAEA-ის ექსპერტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პირველ სექტემბერს ჩავიდნენ. მისიის ოთხი წევრი სადგურზე კვირის ბოლომდე დარჩა, მათგან ორი, ობიექტზე მუდმივად იქნება.