უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო იერიშებს გამოეხმაურა და რუსეთს მიმართა, რომ უკრაინელები არ გატყდებიან.
„უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ნათლად ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს, უკუნ სიბნელეშიც კი - მიზანმიმართულ და ცინიკური სარაკეტო დარტყმებს სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, და, არა სამხედრო ობიექტებზე.
თქვენ მაინც გგონიათ, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ? კიდევ ფიქრობთ, რომ შეგვაშინებთ, გაგვტეხთ და რამეს გვაიძულებთ? მართლა ვერ გაიგეთ, რისთვის ვართ და რაზე ვასუბრობთ?
კარგად წაიკითხეთ ტუჩების მოძრაობით: გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? - თქვენ გარეშე! დენის გარეშე თუ თქვენ გარეშე? - თქვენ გარეშე! უწყლოდ თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ!
საკვების გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე! სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის იმდენად საშიში და მომაკვდინებელი არ არის, როგორიც თქვენი "მეგობრობა და ძმობა".
მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და ჩვენ გვექნება გაზი, სინათლე, წყალი და საკვები, მაგრამ უთქვენოდ!"
ოფიციალური ინფორმაციით, კვირას ხარკოვის მახლობლად მდებარე ინფრასტრუქტურული ობიექტის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, რუსეთის ძალებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონის მიმართულებით, 11 საკრუიზო რაკეტა გაისროლეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვში, ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურზე მიიტანა იერიში.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, „რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში ელექტროენერგია სრულად გათიშულია. ნაწილობრივი გათიშვაა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და სუმის რეგიონებში“.
უკრაინული მედია წერს, რომ შვიდი რაკეტა მხოლოდ დნეპროპეტროვსკის რეგიონში ჩამოაგდეს. ქალაქ დნიპროზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორმოცდაშვიდი სახლი დაზიანდა.
თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა შეიძლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდეს, რადგან რუსები ცდილობენ, უკრაინა ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვონ.