ბრიჯიტ ბრინკი: უკრაინის მიერ ტერიტორიების გათავისუფლების საპასუხოდ, რუსეთი უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ახორციელებს

უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა კვირა საღამოს განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, უკრაინის მიერ აღმოსავლეთში ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების საპასუხოდ მოხდა.

„ეს არის რუსეთის აშკარა პასუხი უკრაინის აღმოსავლეთით, ქალაქებისა და სოფლების გათავისუფლებაზე: სარაკეტო იერიში კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტუროს განადგურების მცდელობაა“, - აღნიშნავს ბრიჯიტ ბრინკი.


ოფიციალური ინფორმაციით, კვირას ხარკოვის მახლობლად მდებარე ინფრასტრუქტურული ობიექტის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, რუსეთის ძალებმა რამდენიმე რეგიონის მიმართულებით, 11 საკრუიზო რაკეტა გაისროლეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვში, ერთ-ერთ უმსხვილეს თბოელექტროსადგურზე მიიტანა იერიში.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, „რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში ელექტროენერგია სრულად გათიშულია. ნაწილობრივი გათიშვაა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და სუმის რეგიონებში“.

უკრაინული მედია წერს, რომ შვიდი რაკეტა მხოლოდ დნეპროპეტროვსკის რეგიონში ჩამოაგდეს. ქალაქ დნიპროზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორმოცდაშვიდი სახლი დაზიანდა.

თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვა შეიძლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდეს, რადგან რუსები ცდილობენ, უკრაინა ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვონ.