ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩევლის, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარის პოლ გობლის განცხადებით, ბათუმის პორტის ტერმინალის ისევე, როგორც ანაკლიის პროექტები აჩენენ იმედს, რომ საქართველო დაუახლოვდეს ნატო–ს, სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება რუსეთი მათ განხორციელებას.
ამის შესახებ გობლმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.
„ზოგადად ყველაფერი, რაც საქართველოს დასავლეთთან აახლოებს შესაძლებლობას ქმნის, გაჩნდეს იმედი, რომ ქვეყანა ალიანსში მოხვდება. სწორედ ეს და არა ეკონომიკური შედეგები არის ის, რის გამოც მოსკოვი მსგავსი პროექტების წინააღმდეგ ასე მძლავრად მუშაობს“, – განაცხადა გობლმა „აქცენტთან“ საუბრისას.
კითხვაზე, „შესაძლოა თუ არა, ბათუმის ტერმინალის პროექტმა ანაკლიის ბედი გაიზიაროს, მით უფრო იმ ფონზე, როცა ამ პროექტის წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს რუსული პროპაგანდისტული მანქანა და ავრცელებს დეზინფორმაციას?", ექსპერტმა შემდეგი განაცხადა: „თბილისმა უნდა გააცნობიეროს, რომ ამ შემთხვევაში მოსკოვის ქმედებები არის ეგზისტენციალური საფრთხე ქვეყნის მომავლისთვის, ისეთივე სერიოზული, როგორც ოკუპაცია. რაც შეეხება იმას, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ ამ დეზინფორმაციის საპირწონედ, საქმე დიპლომატიური გზით და დასავლეთის ქვეყნების მედიაში საპასუხო ინფორმაციის განთავსებით უნდა მოაგვაროს. მან ეს უნდა გააკეთოს ახლა“.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის პორტში „კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობას კომპანია “Wondernet Exspress Investment Group” და ამერიკული უმსხვილესი ტრეიდული კომპანია “Trammo” ახორციელებენ. ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და წლის ბოლოსთვის იგი უკვე სრულ მზადყოფნაში იქნება.
„ტრამო“ „ფორბსის“ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიების სიაში 56-ე ადგილს იკავებს.