ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მისი დავალებით ჩეჩნური შენაერთები უკრაინაში საბრძოლველად დაბრუნდნენ.
მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ადამ დელიმხანოვი ჩეჩენი სამხედროების თანხლებით აცხადებს, რომ რესპუბლიკური შენაერთები „10 ათასი ადამიანის ოდენობით“ იმოქმედებენ „ხერსონის ოლქში, ზაპოროჟიესა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში".
კადიროვის თქმით, ჩეჩნური შენაერთები უკრაინაში შვებულების მინიჭების შემდეგ დაბრუნდნენ.
ჩეჩნების უკრაინაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ჯარების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე გაჩნდა, რომლებმაც ხარკოვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა შეძლეს.
მანამდე, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. რამდენიმე დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ „უვადო შვებულებაში“ გასვლა გადაიფიქრა.