ფაშინიანმა და პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაციის საკითხი განიხილეს.

გარდა ამისა, სომხური მედია იტყობინება, რომ ფაშინიანმა სომხეთის უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. 

ამასთან სატელეფონო საუბარი შედგა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის. საფრანგეთის ლიდერთან სატელეფონო საუბრისას ფაშინიანმა შეშფოთება გამოთქვა საზღვარზე არსებული ვითარების გამო. მაკრონმა თავის მხრივ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციას მიუღებლი უწოდა.

13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.