13 სექტემბრის 09:00-ზე აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
თუმცა, როგორც Trend-ისთვის ინფორმირებული წყაროებიდან გახდა ცნობილი, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაარღვიეს შეთანხმება და განაგრძეს პროვოკაციები. 09:15 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგა.
13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ. ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.
ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.
წუხელ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. ფაშინიანმა, აზერბაიჯანის ქმედებებს დაუშვებელი უწოდა. პრესსამსახურის ოფიციალური ცნობების თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ შინაარსის საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთანაც და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან.