ირაკლი კობახიძე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე: საქართველო მზადაა, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, საკუთარი როლი შეასრულოს

 "შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველო მზადაა, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, საკუთარი როლი შეასრულოს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის საკითხს გამოეხმაურა.

„ჩვენთვის მთავარია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი მთავარი სატკივარი, ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა. თუ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას, ამ კუთხით, რაიმე როლის შესრულება შეუძლია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ. ყველასთვის, მთავარი ამოცანა, რა თქმა უნდა, კონფლიქტის შეჩერება უნდა იყოს. ჩვენ ამას ვამბობდით უკრაინის საკითხთან მიმართებით და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კიდევ უფრო მგრძნობიარეა, როდესაც საქმე ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას ეხება. ამ კუთხით, თუ რაიმეს გაკეთება შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა კობახიძემ.


13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს შორის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.