სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შუაღამისას დაწყებული შეტაკებების შედეგად, სომხურ მხარეს, სულ მცირე 49 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, ეს რიცხვი საბოლოო არ არის", -აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი მოქმედებები ოთხი მიმართულებით განახორციელეს, მოგვიანებით კი კიდევ ორი-სამი მიმართულება დაემატა.
მთავრობის მეთაურმა უარყო ბაქოს განცხადებები, რომ აზერბაიჯანის ქმედებები განხორციელდა სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ და ამ ცნობებს აბსოლუტურად მცდარი უწოდა. ამ დროისთვის საომარი მოქმედებების ინტენსივობა შემცირდა, განაცხადა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის თავდასხმები ერთი-ორი მიმართულებით გრძელდება.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი აფასებენ სიტუაციას, ითვლიან ზარალს და განახლებული ინფორმაცია ოფიციალურად გამოქვეყნდება.
დაღუპულების შესახებ საუბრობს აზერბაიჯანული მხარე, თუმცა, კონკრეტული რიცხვი ჯერ არ დაუსახელებია.
13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია.
13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.