საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამოსაელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
,,დიდი მწუხარებით გამოვხატავ სამძიმარს მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო.
ქართველი ხალხის სახელით, მინდა, ჩემი გულითადი თანაგრძნობა გამოვუცხადო სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს.
როდესაც ჩვენ თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალ ლიდერს ვემშვიდობებით, დარწმუნებული ვარ, რომ თავდადებითა და პროფესიონალიზმით, მისი უდიდებულესობა მომავალი თაობებისთვის კვლავ მისაბაძი მაგალითი იქნება“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა.
1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო.
1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.