ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა დღეს გერმანიის ელჩთან, ჰუბერტ ქნირშსთან შეხვედრაზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, 2024 წელს განაცხადის გაკეთების პერსპექტივა განიხილა.
ამის შესახებ Europetime-ს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტიდან აცნობეს.
„2024 წელს ასოცირების ხელმოწერიდან 10 წელი იქნება გასული და ეს ის დროა, როდესაც ჩვენ ლეგიტიმური უფლება და შესაძლებლობა გვაქვს განვიხილოთ ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა, რასაც ელჩის თქმით, გერმანია, მიესალმება“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კომიტეტის ცნობით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გერმანიის მხრიდან გაწეული დახმარების შესახებ.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველოს ამბიციური გეგმები აქვს ევროკავშირთან მიმართებაში.
„ჩვენ ვისაუბრეთ დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მდგომარეობაზე და ამ ურთიერთობების პერსპექტივაზე, რას შეიძლება მივაღწიოთ უახლოეს დროში და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებით მონიჭებული შესაძლებლობები იმისათვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის დიდი მონაპოვარი, რაც არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება“,-აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
შეხვედრისას გერმანიის ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავისი ხედვები გააცნო თუ როგორ შეიძლება უკეთ იქნეს გამოყენებული ეს შესაძლებლობები. ასევე, საუბარი შეეხო იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისათვის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განათლება.