უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევის გეგმები, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა განახორციელეს, ამერიკელ და ბრიტანელ ექსპერტებთან და ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობით შემუშავდა. ამის შესახებ New York Times-ი აშშ-ის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
კონტრშეტევის შედეგად, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში და სამხრეთში განხორცილდა, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის კონტროლს რუსეთის ჯარების მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში ოკუპირებული დაახლოებით 6000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაუბრუნდა.
New York Times-ის ცნობით, კონტრშეტევის მიზანია ხერსონის განთავისუფლება და აღმოსავლეთში რუსული ძალების დაჯგუფებისგან, მარიუპოლის მოკვეთა.
„მაგრამ ზაფხულის განმავლობაში უკრაინელი და ამერიკელი სამხედროების მიერ ჩატარებული „სამხედრო თამაშების“ შედეგად, ცხადი გახდა, რომ ასეთი შეტევა, დიდი ალბათობით, წარუმატებლობისთვის იყო განწირული. პენტაგონის ერთ-ერთი ლიდერის, კოლინ კალის თქმით, ამ „თამაშებმა“ შესაძლებელი გახადა უფრო ეფექტური კონტრშეტევის ვარიანტების იდენტიფიცირება, რომლებიც წარედგინა უკრაინის ხელმძღვანელობასა და მაღალჩინოსნებს.
როგორც კალი აცხადებს, უკრაინის ხელმძღვანელობამ გარკვეული დროის შემდეგ შეიმუშავა ოპერაციის საბოლოო გეგმა. შეტევა ორი მიმართულებით - ჩრდილოეთსა და სამხრეთით - უკრაინელი სამხედროების მიერ იყო შემოთავაზებული“, - წერს გამოცემა.
New York Times-ის ცნობით, მთელი აგვისტოს განმავლობაში უკრაინამ მიიღო დეტალური დაზვერვის ინფორმაცია შეერთებული შტატებისგან, რომელიც რუსეთის თავდაცვის ყველაზე სუსტ უბნებს ადგენდა და ადასტურებდა, რომ რუსული არმია ვერ შეძლებდა ჯარების განთავსებას, უკრაინის თავდასხმის შემთხვევაში.
შეტევის წარმატების უზრუნველსაყოფად შეერთებულმა შტატებმა გაზარდა კიევისთვის იარაღის მიწოდების მოცულობა.
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმიას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა დაიბრუნოს მეტი ტერიტორიები აღმოსავლეთ უკრაინაში, უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, სამხრეთი, სამხედრო ოპერაციების თვალსაზრსით ყველაზე მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.