ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარები, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის.
თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროპულ საბჭოში წელს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს მივცეთ ევროპული პერსპექტივა. მე მინდა, რომ საქართველო გავამხნევო, ამისთვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ ამ გზაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა და ამიტომაც მინდა, რომ დაგარწმუნოთ გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე.
მისივე თქმით, გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი. ისინი ფარავენ მთელს სპექტრს ეკონომიკის, ეკოლოგიის, ენერგეტიკის და კულტურის. გვიხარია, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ და ასევე, როგორც ორმხრივი პარტნიორი, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით.
რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის ამ წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს თვითონ აქვს რუსული აგრესიის გამოცდილება, სამწუხარო გამოცდილება, 2008 წელს დაესხნენ მას თავს და მას შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილები რუსული კონტროლის ქვეშაა.
ფედერალური მთავრობა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და ასევე, გამოაცხადა, რომ ის ხელს შეუშლის ყველანაირ მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებისა“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
„პირველ რიგში, მნიშვნელოვანი გახლავთ პოლიტიკური მხარდაჭერა. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, ვინც არის კანდიდატი, იმ ქვეყნის საქმეა, რომ შეასრულოს კრიტერიუმები. მაგრამ, ჩვენგან საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა, რათა სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იყოს განხორციელებული.
გარდა ამისა, ეკონომიკური პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება. სამომავლო განვითარებისთვის კიდევ ბევრი სხვა სფერო არსებობს - ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და ამაზე გვქონდა დღეს საუბარი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ თარგმანით.
მისივე თქმით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან და წელს ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის გამოყო თანხა, ისევე როგორც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.