სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სსრკ-ს საზღვრებში, თუ აზერბაიჯანი, სომხეთის ტერიტორიიდან ჯარს გაიყვანს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თუ აზერბაიჯანელი სამხედროები გამოვლენ სომხეთის ტერიტორიიდან და სსრკ-ს საზღვრებში დადგებიან, მაშინ ჩვენ ამას ვაღიარებთ. არ აქვს მნიშვნელობა არც სამხედრო ბალანსს, არც მოკავშირეებსა და არც იმას, თუ ვისი მოკავშირეა უფრო ძლიერი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ფაშინიანის თქმით, „მშვიდობის სახელით მძიმე გადაწყვეტილებების მიღებაზე" აიღო პასუხისმგებლობა.
„მაგრამ რთული გადაწყვეტილებების მიღება არ ნიშნავს სომხეთის ეროვნული, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, რათა გარანტირებული იყოს სომხეთის გრძელვადიანი უსაფრთხოება“, - განაცხადა პრემიერმა.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო.
13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით შემდეგ ბმულზე