ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება განმუხტულია. მუსლიმურ თემსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაიმართა
სოფელში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები მეჩეთის აშენების წინააღმდეგ გამოვიდნენ. უთანხმოება 12 იანვარს ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. კონფლიქტის დროს ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. მანამდე უშედეგო აღმოჩნდა გურიის მხარის გუბერნატორთან მუსლიმი თემის წარმომადგენელთა მოლაპარაკება. მათ გუბერნატორის შეთავაზებები არ მოეწონათ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისკენ გაემართნენ, სადაც მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ შეკრებილი.
დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში მხარეებს შორის დიალოგი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა.
სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ
„დაპირისპირება გამოიწვია, შეიძლება ითქვას, გარკვეული ჯგუფების მასიურად შედინებამ, რამაც ბუნებრივია, კითხვები გააჩინა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 50 მუსლიმი არის, რომლებიც შედიან სხვადასხვა ინტენსივობით და ლოცულობენ, რაღაც გარკვეული ესკალაცია მოხდა. სხვადასხვა რაიონებიდან და ქალაქებიდან ხალხი ჩავიდა
სახელმწიფოს მხრიდან არის დეკლარირებული განცხადება, რომ რელიგიის თავისუფლება საქართველოში იყო, არის და იქნება დაცული. არანაირი პრობლემა, მუსლიმ თემს რომ ვინმემ ხელი შეუშალოს, ლოცვის უფლება აუკრძალოს, გამორიცხულია. ეს კანონმდებლობით არის დადგენილი და მეორე მხრივ, როგორც აქამდე აგრძელებდნენ ლოცვას მუსლიმი თემი, ისე გააგრძელონ მომავალში”, - განაცხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ.
ბუკნარის ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს არა მარტო ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაზე, არამედ ყველა იმ ინციდენტზე, რომელიც დღემდე მომხდარა და რომელშიც ხელისუფლებაც ყოფილა პირდაპირ თუ ირიბად ჩარეული.
“ისტორია არ გვაპატიებს არც თქვენ და არც ჩვენს კულტურას ფობიების გაღვივებასა და ხელშეწყობას, თუ მოქმედებით თუ უმოქმედობით. საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპატის სახელით, ბოდიშს ვუხდით ქართველ მუსლიმებს, რომ მათ კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა ღმერთისა და ქრისტიანობის სახელით. ძალიან ვწუხვართ, და ვთხოვთ მათ, რომ თუ შეუძლიათ, იმ ღმერთის სახელით, რომელიც მუსლიმებს, ქრისტიანებსა და ებრალებს საერთო გვყავს, კიდევ ერთხელ გვაპატიოთ ეს დანაშაული, რომლიც კიდევ ერთი უკიდურესად სამარცხვინო ლაქაა საქართველოს ინტერრელიგიურ რეალობაში", - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სოფელ ბუკნარში მომხდარი ძალადობის ფაქტზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ „სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს - 2003 დაბადებულ ნ.ი.-ს და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.