ელჩი დეგნანი: ეს არის შანსი საქართველოსთვის, შინაარსიანი ნაბიჯებით უპასუხოს გამოწვევებს და რეაგირება მოახდინოს კორუფციის ბრალდებებზე სასამართლო სისტემაში

შეუშლის თუ არა ხელს აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოქალაქის დასანქცირება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მედიის ამ შეკითხვას უპასუხა 7 აპრილს ელჩმა დეგნანმა პარლამენტის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ. ამერიკის ელჩის შეფასებით, ეს არის შანსი საქართველოსთვის, შინაარსიანი ნაბიჯებით უპასუხოს გამოწვევებს და რეაგირება მოახდინოს კორუფციის ბრალდებებზე სასამართლო სისტემაში. „საქართველოს პარლამენტთან წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ველით ამ თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას. რადგან ვიცით, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის 12 რეკომენდაციის ნაწილი, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, იმისთვის, რომ მიმდინარე წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს და იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს მას, მაგრამ გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი.

ჩვენ, გასულ თვეში ვენეციის კომისიის დასკვნაში ვიხილეთ, რომ არსებობს გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები შესრულდეს, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულყოფილი რეფორმირება.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, შეუშლის თუ არა ხელს აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში, ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, რადგან ეს არის შესაძლებლობა, მოხდეს რეაგირება სასამართლო სისტემაში კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, ეს არის შესაძლებლობა, მოხდეს დემონსტრირება, რომ მთავრობა ერთგულია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.

გასულ კვირაში, ვაშინგტონში, დემოკრატიის სამიტზე საქართველომ პირობა დადო, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ, პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს და დაიცავს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და კანონის უზენაესობას, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ასე რომ, იმედი გვაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ექნება რეაგირება კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე და გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს იმისთვის, რომ შექმნას, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.


ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.