საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლების სამინისტროს მონაცემებით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის.
ამასთან, საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, მათ შორის, 1 868 ბავშვი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე ჩაირიცხა.
სიახლეთა შორის არის ისიც, რომ წელს უკვე პირველკლასელთა შორის სწავლას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებიც 30 სექტემბრამდე გახდნენ 6 წლის.
ასევე, რეგულაციები, რომლებიც წინა სასწავლო წლის რეგულაციამდე მოქმედებდა არ იმოქმედებს და ბავშვებს შეუძლიათ სწავლა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ. წინა წლის მსგავსად ბავშვები სასწავლო წიგნებს მიიღებენ, ხოლო პირველკლასელებს დამატებით ნოუთბუქებიც გადაეცემათ.
"შემსუბუქებული რეკომენდაციების თანახმად, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ასევე წაიკითხეთ: