ჯერჯერობით, ორი ავტორიტარული ძალა ვერ მიუახლოვდა მათ სასარგებლოდ მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას.
ექსპერტების თქმით, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინში, დასავლეთის ეფექტიანობა განამტკიცა. ამ შინაარსის სტატიას CNN აქვეყნებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია შედეგის პროგნოზირება, ომში რუსეთის დამარცხების პერსპექტივაც კი საკმარისია იმისთვის, რომ პეკინი შეშფოთდეს.
რუსეთის უკუსვლა უკრაინაში, უკვე იწვევს მნიშვნელოვან პოლიტიკურ რეაქციას მოსკოვში და სრულმა დამარცხებამ შესაძლოა, კრემლში პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ, სერიოზულ თავის ტკივილად იქცევა ჩინეთისთვის.
ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, სი ძინ პინი პუტინს 38-ჯერ შეხვდა - ორჯერ მეტჯერ, ვიდრე შეხვედრია მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ლიდერს.
არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთს ძლიერი პუტინის გარეშე ექნება ისეთივე სურვილი, რომ პეკინთან „უსაზღვრო“ მეგობრობა განაგრძოს; უარეს შემთხვევაში, ის შესაძლოა, უფრო მეგობრული გახდეს დასავლეთის მიმართ, რაც ზრდის ჩინეთის ხანგრძლივ შიშებს აშშ-ის გეოპოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით“, - წერს CNN.
200 დღეზე მეტი ხნის შემდეგ, სი ძინპინი და პუტინი კვლავ შეხვდებიან რეგიონულ სამიტზე, ქალაქ სამარყანდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ უზბეკეთში. ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არა ისე, როგორც ჩინეთს ან რუსეთს შეეძლო, ეწინასწარმეტყველა.
პეკინში სი ძინპინთან შეხვედრიდან სამი კვირის შემდეგ და ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან რამდენიმე დღეში, პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
ის სწრაფ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ შვიდი თვის შემდეგ, რუსეთი გამარჯვებისგან შორს არის. მისი ძალები ამოწურულია, დემორალიზებულია და გარბის იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც თვეების განმავლობაში იყო ოკუპირებული.
შედეგად, დამარცხებული რუსეთი გააძლიერებს დასავლეთს და გახდება ნაკლებად სასარგებლო და საიმედო აქტივი დიდი ძალების კონკურენციაში აშშ-სთან“, - წერს CNN.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, ცენტრალური აზიის ლიდერები შეშფოთებულნი არიან, რომ რუსეთი მათ მიწაზეც შეიჭრება. ყახაზეთმა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას და მისმა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საჯაროდ თქვა უარი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე აღმოსავლეთ უკრაინაში, რამაც კრემლის ზოგიერთი ოფიციალური პირი განარისხა.
ფოტო - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ოთხშაბათს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს უმასპინძლა.
ცნობისთვის, ბოლოს, როცა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირისპირ დასხდნენ, მათ საერთაშორისო ურთიერთობებში „ახალი ეპოქის“ შესახებ ტრიუმფალურად განაცხადეს.
პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასავლეთის ბოიკოტისა და უკრაინაში მოსალოდნელი კრიზისის ფონზე, მსოფლიოს ორმა ყველაზე ძლიერმა ავტოკრატმა ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ საკუთარი ხედვები წარადგინეს, რომლის თანახმად, ის უკეთესად მოერგებოდა მათი ერების ინტერესებს, რაც თავის მხრივ, დასავლეთის დომინირებას გამორიცხავდა.
5000-სიტყვიან ერთობლივ განცხადებაში, ორი ლიდერი „საზღვრების გარეშე“ მეგობრობის შესახებ იწყებოდა და შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების კრიტიკით გამოდიოდა.