სი ძინპინი თოყაევს: ჩვენ გავაგრძელებთ ყაზახეთის მტკიცე მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ოთხშაბათს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს სი ძინპინის პირველი საერთაშორისო ვიზიტია. ამაზე მიუთითა ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმაც.

მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და აგროინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე - ტრანსსასაზღვრო წყლის რესურსების გამოყენების საკითხები.

სი ძინ პინმა და თოყაევმა შეაქეს ორმხრივი 30-წლიანი ურთიერთობა, ვიზიტის აღწერისას კი, თოყაევმა, რომელიც თავისუფლად საუბრობს ჩინურ ენაზე, განაცხადა, რომ ეს ვიზიტი  „ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის მაღალი დონის გზავნილია", - წერს ყაზახური მედია.

„სიმბოლურია, რომ თქვენი ვიზიტი ამ საიუბილეო ეტაპს დაემთხვა. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ დავამყარეთ ძლიერი სახელმწიფოთაშორისი კავშირები. გულწრფელად მადლობას გიხდით ყაზახეთის ეკონომიკური განვითარებისა და ჩვენი საერთაშორისო ინიციატივების მხარდაჭერისთვის“, - ციტირებს თოყაევის სიტყვებს ყაზახური მედია.

„როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ვითარება, ჩვენ გავაგრძელებთ ყაზახეთის მტკიცე მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

მტკიცედ ვუჭერთ მხარს რეფორმებს, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად და ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ძალის ჩარევას თქვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში“, - განუცხადა თავის მხრივ, სი ძინპინმა თოყაევს. 

სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი და ჩინეთი იზიარებენ მუდმივ სტრატეგიულ პარტნიორობას.


ყაზახეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მონაცემებით, ჩინეთი ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ქვეყნის საგარეო ვაჭრობის 22,6 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის შვიდ თვეში 13,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, ეს 38,3 პროცენტით მეტია, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც დიდწილად გამოწვეული იყო ჩინეთში ექსპორტის 52 პროცენტიანი ზრდით, ძირითადად მინერალური პროდუქტების, საწვავის და ენერგეტიკული პროდუქტების ექსპორტით.

ექსპერტების აზრით, პანდემიის შემდეგ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ პირველი ვიზიტისას, სი ძინპინის მიერ ყაზახეთის არჩევა შემთხვევითი არ არის.